საპოლიციო გამოსახლება

TI: საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება საკუთრების უფლებას ზღუდავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, "საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს". ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის.

"ვფიქრობთ, რომ ეს თავის მხრივ იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე, და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უარყოფითი შედეგების რისკებს ვერ ამცირებს მეორე მოსმენის დროს განხორციელებული ცვლილებებიც", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 27 ოქტომბერს მეორე მოსმენით განიხილა. როგორც პლენარულ სხდომაზე პროექტის ავტორმა, დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ განმარტა, ინიცირებულ პროექტში შეიცვალა ის, რომ თუკი პირი სხვის საკუთრებაში თვითნებურად არის შეჭრილი და ფაქტი დადგენილია, ასეთ შემთხვევაში პოლიციას ექნება უფლება, ის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლოს. ყველა სხვა შემთხვევაში გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება. 

საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თაობაზე ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში და სხვა თანმდევ კანონებში შედის. კოდექსიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითვალისწინებს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეუძლია პოლიციას მიმართოს.

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციამაც გაავრცელა. BAG-ის აზრით, "პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ სრულად იქნა იგნორირებული არასამთავრობო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების არგუმენტები და კრიტიკული პოზიცია ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით". ასოციაციის შეფასებით, პროექტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისა და ხელშეშლისაგან.

კომენტარები