მონტენეგრო

მონტენეგროს პრემიერი რუსეთს და სერბეთს პროტესტის ორგანიზებაში ადანაშაულებს

pobeda.net

მონტენეგროს პრემიერმინისტრი მილო ჯუკანოვიჩი სერბეთსა და რუსეთს მონტენეგროში ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

„არავითარი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ პროტესტებში ჩართულია სერბეთის ნაციონალისტური ორგანიზაციები. ასევე აბსოლუტურად ნათელია, რომ ამაში აქტიურ როლს რუსეთი თამაშობს“, - თქვა ჯუკანოვიჩმა ხორვატიულ მაუწყებლობა HRT-სთან ინტერვიუში.

ჯუკანოვიჩის თქმით, პროტესტები გაამწვავა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებმა. მაგალითად, ჯუკანოვიჩის ვაშინგტონში ვიზიტი რუსეთმა გააკრიტიკა.

სერბეთთან და რუსეთთან კავშირებს აქციის მონაწილეებიც არ მალავენ. მონტენეგრულმა გაზეთმა - Pobjeda - გამოაქვეყნა Facebook-ზე გავრცელებული სურათები, რომლებზეც ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეები ბელგრადსა და მოსკოვში ოფიციალურ პირებს ხვდებოდნენ.

“Facebook-ი აჩვენებს, რომ სერბი ულტრანაციონალისტები და რუსი ექსტრიმისტები ლოგისტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ დემოკრატიული ფრონტის ლიდერებსა და კამპანიას NATO-ს წინააღმდეგ", - წერს გაზეთი.

კომენტარები