თავისუფალი დემოკრატები

აბაშიძე: ჩვენი მიზანია, პროცესი ავაცილოთ ქუჩას, დანარჩენს ცხოვრება გავაჩვენებს

თეორემა/ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისი პარტიის მიზანია, არ დაუშვას ძალადობა. აბაშიძის თქმით, "მე ვარ, ვიქნები და ჩვენ ვიქნებით ყველანი სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერები და ამის სადარაჯოზე". ტაბულასთან საუბარში აბაშიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მისთვის მიუღებელია, "სასამართლო პროცესზე დაუყოვნებლივ მოხდეს რაღაცის აღსრულება. სანამ ყველა ინსტანცია არ ჩაივლის, სანამ ყველა სამართლებრივი მექანიზმი არ ამოიწურება".

ტაბულას კითხვაზე, "თუ ხელისუფლება ამაზე არ წავიდა, რა იქნება ეფექტური ზომა", აბაშიძე პასუხობს, რომ "თავისუფალი დემოკრატები ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული". მისი განცხადებით, "დავიწყებთ მთელ რიგ ღონისძიებებს, შევკრებთ მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, რომ პროცესი მაქსიმალურად ავაცილოთ ქუჩას და ყველანაირი ზემოქმედება მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, ეს უგუნური ნაბიჯი არ ჩაიდინოს". 

კითხვაზე, "ვთქვათ და ჩაიდინა", ზურაბ აბაშიძის თქმით, "ჩემი მთავარი მიზანია, რომ ეს არ ჩავადენინო. ეს არის მთავარი. თუ რაღაცას ჩაიდენს, დანარჩენს მერე ცხოვრება გავაჩვენებს - რა იქნება და როგორ იქნება".

"მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, და აქეთკენ მიდის ყველაფერი. ხელისუფლებასთანაც საუბრით, პარლამენტის თავმჯდომარესაც ვხვდებით, პრეზიდენტთანაც ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ... როდესაც პრემიერმირნისტრი უბიძგებს საზოგადოებას ძალადობისკენ - რომ ეს რაც ხდება, ძალიან ადეკვატურია - სავალალალო მდგომარობაა. ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ამის სადარაჯოზე ვიქნებით, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს" - ამბობს აბაშიძე.

კომენტარები