დაკავება

შსს-მ პირი, რომელმაც საგარეჯოში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ადგილზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ-ს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. უწყების ცნობით, გიორგი ფ. განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ეს"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები