სასამართლო პროცესის მიმდინარეობის მიუხედავად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე მომდევნო სხდომა უკვე ჩანიშნა. ის მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება.
თამაზ ურთმელიძის პასუხი რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობაზე თანხის ჩარიცხვის შესახებ სწორედ ორშაბათს გახდება ცნობილი. იურისტები ითხოვენ, რომ ქიბარ ხალვაშმა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხოს 700 ათასი დოლარი. მათი თქმით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების დაყადაღებით მიიღო.
ადვოკატებს კიდევ ერთი შუამდგომლობა ჰქონდათ დაყენებული, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ისინი მტკიცებულებებიდან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ამოღებას ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ დასკვნა ყალბი დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი.
მანამდე, თამაზ ურთმელიძემ ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც მესამე პირად უცხოური კომპანიების ჩართვას ითვალისწინებდა.
მოსამართლემ არც საქმიდან აიცილა თავი. ტელეკომპანიის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა უკვე მეოთხედ დააყენეს. მათი განცხადებით, კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც თამაზ ურთმელიძის საქმიდან თავი უნდა აეცილებინა, თელასის საქმეა, სადაც, მათი თქმით, ურთმელიძე კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებს.
რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იურისტების შუამდგომლობა პროცესის გადადებაზეც არ დააკმაყოფილა. ადვოკატები პროცესის გადადებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული.
ამასთან, მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ნიკა გვარამია საქმის მიმდინარეობის ბოლომდე გაძევებულად ითვლება.
რუსთავი ორის ინფორმაციით, დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და აღსრულების ფურცელსაც გამოწერს. ამასთან, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.





