საგარეო ვაჭრობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ექსპორტი $70 მილიონით შემცირდა

AFP via Getty Images

საქართველოს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წელს $70 მილიონით შემცირდა. 2015 წლამდე ამერიკაში ექსპორტი იზრდებოდა - 2014 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ის $156 მილიონს აღწევდა. საქართველოში სავალუტო კრიზისის დაწყების შემდეგ კი მთლიანი ექსპორტი 24%-ით, ხოლო ცალკეულ ქვეყნებში 50%-ზე მეტადაც შემცირდა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საქართველოს ექსპორტი შემცირებულია ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა: აზერბაიჯანი ($226 მილიონით), რუსეთი ($99 მილიონით), სომხეთი ($81 მილიონით), თურქეთი ($28 მილიონით), იტალია ($6 მილიონით) და სხვა ქვეყნები ($104 მილიონით).

ექსპორტის შემცირება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია. უკრაინასა და რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ქართული ღვინის ექსპორტი ზუსტად ორჯერ შემცირდა და $65 მილიონი გახდა. 2014 წელს აზერბაიჯანის მიერ ავტოიმპორტზე ახალი რეგულაციების დაწესების გამო კი ამ ბაზარზე ქართველ ავტოდილერებს მანქანების რეალიზაცია გაურთულდათ, რაც ავტოექსპორტის 65%-ით შემცირებაში აისახა. წელს ავტოდილერებმა მხოლოდ $140 მილიონის მანქანები გაყიდეს უცხოეთში. თურქეთში ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არმატურის ექსპორტის კლებაა. 

საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია:

  1. ავტომობილები $268-მილიონიანი კლება
  2. ღვინის ექსპორტი $65-მილიონიანი კლება
  3. მინერალური წყლები $53-მილიონიანი კლება
  4. ფეროშენადნობები $61-მილიონიანი კლება
  5. სპილენძის მადნები $14-მილიონიანი კლება
  6. აზოტოვანი სასუქები $4-მილიონიანი კლება

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $4 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $4 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ეს უარყოფითი ფაქტორები ლარის კურსში უკვე ასახულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვან რყევას არ ელოდება.  

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, ავტომობილების ექსპორტის $190-მილიონიანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნები წარმოადგენს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება.

კომენტარები