წამების კადრები

შსს-მ წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ NDI–ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა. ვიდეომასალა უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე ქართულმა გამოცემამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, კადრები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები საჯაროდ გაანადგურეს. 

კომენტარები