რუსთავი 2-ის საქმე

გაბაშვილი რუსთავი 2-ზე: შესაძლოა, 19 ოქტომბერს აღსრულების ფურცელი გამოწერონ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რუსთავი 2-ის მფლობელებს ტელეკომპანია ჩამოართვას და შემდგომი სამართლებრივი დავის შანსიც წაართვას. გაბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა, 19 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლე ურთმელიძემ ე.წ.აღსრულების ფურცელი გამოწეროს. 

"თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა რამდენიმე განცხადება და მიუხედავად ბევრი განსხვავებისა ამ პარტიებს შორის, ცხადია, მედიის თავისუფლებისა და რუსთავი 2 ს საკითხები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, თუ რუსთავი 2-ს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება, ყველა პარტია სხვადასხვა ფორმით, როგორითაც საჭიროდ ჩათვლის, გამოთქვამს პროტესტს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთისთვის ივანიშვილს, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი და მხარდაჭერა, მოვლენების რადიკალური ფორსირების თაობაზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ივანიშვილი განიხილავს არამხოლოდ რუსთავი 2-ის მფლობელებისთვის ჩამორთმევას მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებრივი დავის შანსის წართმევას დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის და ე.წ აღსრულების ფურცლის გამოწერას. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე – 19 ოქტომბრის სხდომაზეც კი. ჩვენ მოგახსენებთ ჩვენს გადაწყვეტილებას: რა წამსაც დაიწყება ამ უკანონო გადაწყვეტილების უკანონო აღსრულება, ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს. განსხვავებით ბოლო სამი წლის საპროტესტო აქციებისგან, ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან პერმანენტულ სახეს. მათ შორის, განხორციელდება სამთავრობო შენობების პიკეტირება. თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს რუსთავის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად" - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები