რუსეთი სირიის ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობს - ავიაციის გარდა, ოპერაციაში დღეს კასპიის ზღვის ფლოტილიაც ჩაერთო. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, რუსულმა რაკეტებმა 11 სამიზნე გაანადგურეს.
"მებრძოლების დასამარცხებლად, ავიაციის გარდა, დღეს დილით კასპიის ზღვის ფლოტილიაც გამოვიყენეთ. ოთხმა სარაკეტო ხომალდმა 26 საზღვაო ბაზირების ფრთიანი რაკეტა "კალიბრი" გაისროლა 11 სამიზნის მიმართულებით", - ამბობს შოიგუ.
შუიგუს მტკიცებით, ყველა სამიზნე განადგურებულია, მშვიდობიანი მაცხოვრებლები კი არ დაშავებულან.
პრეზიდენტმა პუტინმა კი, რუსეთის ჯარები შეაქო და აღნიშნა, რომ სამიზნეები დაახლოებით 1500 კმ-ით იყო დაშორებული.
დასავლური სამყარო შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით. ისინი თვლიან, რომ პუტინის რეალური მიზანი ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და დიქტატორის მოწინააღმდეგეების დამარცხებაა. თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, რუსეთის სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმებიდან მხოლოდ ორი იყო ისლამური სახელმწიფოს პოზიციებისკენ მიმართული.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საუდის არაბეთის, ყატარის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში.





