რუსთავი 2-ის საქმე

აშშ: ხელისუფლების ქმედებები აშკარად შემაშფოთებელია და სერიოზულად ვეკიდებით

EPA

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე პრესმდივანმა მარკ ტონერმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია. ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ეკიდება და ყურადღებით აკვირდება.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებლივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტებით და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლება და საერთშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პრულარისტულ მედიაგარემოს, რაც მთელი რეგიონისთვის მისაბაძად ითვლებოდა. ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქნის ამ გარემოს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით", - თქვა პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.

რუსთავი 2-ის საქმე 5 აგვისტოდან დაიწყო, როდესაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნა გაითვალისწინა და კომპანიის აქტივებს ყადაღა დაადო. 1 ოქტომბერს კი ურთმელიძემ რუსთავი 2-ის მფლობელი კომპანიის აქციებიც დააყადაღა, რითიც კომპანიაში $6 მილიონის ინვესტიციის მოზიდვა შეაფერხა. მას შემდეგ რუსთავი 2-მა სამოქალაქო შემოწირულობების მიღება დაიწყო.

კომენტარები