რუსთავი 2-ის საქმე

კოჟორიძე: დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

კახა კოჟორიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს პრეზიდენტისათვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როგორც კი დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია. მან დამავალა შემესწავლა ეს საკითხი და მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია. ჩვენი შემდგომი მოქმედებები ამის შემდეგ გახდება ცნობილი", - თქვა კახა კოჟორიძემ.

დღეს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოც დააყადაღა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო რეესტრმა კომპანიის მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარი თქვა. საუბარია ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც 29 სექტემბერს კომპანიის 100%-ის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა და 6 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მისი მიმართვის საფუძველზე მიიღო, რადგან იგეგმებოდა რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანიის წილების გასხვისება დიმიტრი ჩიქოვანზე.

შპს საქართველოს დაყადაღების გადაწყვეტილება იმავე მოსამართლემ მიიღო, რომელმაც აგვისტოში, ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება დააყადაღა.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე, 5 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დააყადაღეს. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

კომენტარები