რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველო დააყადაღეს

ShutterStock

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოც დააყადაღა. ამასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 15:00-ზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

"3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე" - წერს გვარამია Facebook-ში.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისება. ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია საქართველოში მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

"მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა - 1. ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა. 2. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა რუსთავი 2-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენ მოვითხოვეთ ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებულ იქნა რუსთავი 2-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმემილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე", - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100-პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს. ჩიქოვანი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, ტელეკომპანია საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განეხორციელებინა.

კომენტარები