გიგი უგულავას საქმე

მშვენიერაძე: უგულავას მსგავსი პრეცედენტი წინასწარ პატიმრობაზე არ მახსენდება

ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ 2012 წლამდე, რომელიმე ბრალდებული ცხრა თვეზე მეტ ხანს ყოფილიყოს წინასწარ პატიმრობაში. მშვენიერაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემას წამყვანის თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას უპასუხა. ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები გაიხსენა, რომლებიც არაკონსტიტუციური ნორმის მიღებაში წინა მოწვევის პარლამენტს ადანაშაულებდნენ. ჩერგოლეიშვილმა მშვენიერაძეს ჰკითხა, თუ ყოფილა გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას მსგავსი შემთხვევები და 2012 წლამდე როგორ ხდებოდა სსკ-ის მუხლის ინტერპრეტაცია. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, კანონის ტექსტი არის ერთი მოცემულობა, ხოლო ტექსტს ნორმად აქცევს სასამართლო. მისივე განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არაკონსტიტუციურად იქცა სასამართლო პირობებში განმარტების დროს.

"ნორმა მაშინ არის, როცა ის მოქმედებს, იქამდე არის ტექსტი. ასეთი პრეცედენტი, რომ ნებისმიერ პირს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სხვა საქმეზე მას შემდეგ შეუფარდონ, რაც ერთ საქმეზე პატიმრობის ვადა გაუვა, მე ნამდვილად არ მახსენდება, იმის მიუხედავად, რომ ადრეც აქტიურად ვმუშაობდი ადამიანის უფლებების მიმართულებით. სახალხო დამცველის ოფისში ასეთი განცხადება არ შემოსულა. ასეთი საქმე რომ ყოფილიყო შემოსული, აუცილებლად გამოვიყენებდით აბსტრაქტული საკონსტიტუციო კონტროლის ინიცირების უფლებას და წავიდოდით, სასამართლოში, იმიტომ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ქეისები არც თუ ისე ცოტა გვქონდა და მათგან ძალიან ბევრ ნაწილში წარმატებას ვაღწევდით, ბევრი კანონი საჩივრდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი ყველა სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება ე.წ პოსტკონტროლი. ის, რომ ვიღაც ამბობს, რაკი წინა ხელისუფლებამ მიიღო, ამიტომ არის არაკონსტიტუციური და იმათი ბრალია, ასე არ არის. სინამდვილეში, ეს კანონი არაკონსტიტუციურად იქცა მისი სასამართლიო პირობებში განმარტების დროს" - თქვა მშვენიერაძემ.

კომენტარები