საგარეო ვაჭრობა

იმპორტის მოცულობა $561 მილიონით, ექსპორტის კი $455 მილიონით შემცირდა

nwdc.co.za

2015 წლის პირველ რვა თვეში უცხოეთიდან საქართველოში $561 მილიონით ნაკლები ღირებულების საქონელი შემოვიდა, საქართველოდან უცხოეთში კი $455 მილიონით ნაკლები საქონელი გავიდა. სულ საგარეო ვაჭრობის მოცულობა წელს 14%-ით შემცირდა. საგარეო ვაჭრობაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ავტომობილების იმპორტი, ასევე შემცირებულია მობილურებისა და არმატურის იმპორტი. ავტომობილებისა და ელექტროტექნიკის იმპორტის შემცირება იმაზე მიანიშნებს, რომ წელს საქართველოს მოსახლეობა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო უფრო მეტად იკავებს თავს ამ საქონლის შეძენისგან.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ექსპორტის შემცირებაა. წელს საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირდა. 

  1. ავტომობილები $238-მილიონიანი კლება
  2. ღვინოები $58-მილიონიანი კლება
  3. ფეროშენადნობები $52-მილიონიანი კლება
  4. მინერალური წყლები $41-მილიონიანი კლება
  5. სპილენძის მადნები და კონცენტრატები $13-მილიონიანი კლება
  6. აზოტოვანი სასუქები $10-მილიონიანი კლება

საგარეო ვაჭრობის მოცულობის შემცირების მიუხედავად, ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფსა და ქვეყანაში ექსპორტის ზრდაც შეინიშნება. ასეთია ჩინეთი, სადაც წელს ექსპორტის მოცულობა $26 მილიონით გაიზარდა და $78 მილიონი გახდა. საქართველოს ჩინეთში ძირითადად სპილენძის მადნები გააქვს. $23 მილიონით არის გაზრდილი საქასრთველოს ექსპორტი უზბეკეთში, შუააზიურ რესპუბლიკაში წელს ექსპორტირებულია $53 მილიონის მოცულობის საქონელი. სასაქონლო ჯგუფებიდან კი $23 მილიონით არის გაზრდილი თხილისა და კაკლის ექსპორტი. წელსვე $25 მილიონით გაიზარდა ქართული ფარმაცევტული საშუალებების ექსპორტი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა, ავტომობილების ექსპორტის $238-მილიონიანი კლების გამო კი საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი დღეს სპილენძის მადნებია.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება. 

კომენტარები