შერჩევითი მართლმსაჯულება

ბროკი: შოკირებულნი ვართ და მწუხარებას გამოვთქვამთ გიგი უგულავას დაკავების გამო

epp.com

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის თქმით, ის და მისი კოლეგები უგულავას ხელახალი დაკავებით და მისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯის გამო შოკირებულნი არიან და ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და სულისკვეთებას უხეშად არღვევს.

"შოკირებულნი ვართ და მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ყოფილი მერის ხელახლა დაპატიმრების და მისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯის ამბით. ეს ამბავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ერთ დღეში მოხდა, როცა სასამართლომ უგულავას გაჭიანურებული წინასწარი პატიმრობა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. გიგი უგულავას თავისუფლებამ და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობამ ერთი სრული დღე-ღამეც არ გასტანა. საქართველოში შექმნილი სიტუაცია საგანგაშო სიგნალს გვიგზავნის. სამართლებრივი სისტემა პოლიტკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა"- ამბობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი. 

"გვსურს გავიხსენოთ რომ, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას, ევროპის პარლამენტმა გადაჭრით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოყენება. სამწუხაროდ ეს მაინც ხდება. შერჩევითი სამართლის მიმდინარე საქმეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და სულისკვეთებას უხეშად არღვევს. საქართველოს მთავრობის აკვიატება გამოიყენონ შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიანის მომტანია ქვეტნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.”- განაცხადა ევროპარლამენტარმა დან პრედამ.

დღესვე გიგი უგულავას საქმეზე განცხადებები სხვა ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს, ევროპის საბჭოში სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელის პედრო აგრამუნტის თქმით, გიგი უგულავას საქმეზე არსებული გადაწყვეტილებას ბარბაროსულია და ამბობს, რომ თუ ის არ გადაიხედა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროპაში.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის თქმით კი გიგი უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ატარებდა მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ძლიერ ნიშნებს.

 

კომენტარები