შერჩევითი მართლმსაჯულება

ინტერპოლის კონსტიტუციით, პოლიტიკური დევნა დაუშვებელია

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უარი განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნის გამოცხადებაზე და ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ არსებული საერთაშორისო ძებნა გააუქმა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ცნობით, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს.

"ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა." - წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის მიხედვით გასაჩივრდა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური დევნა დაუშვებელია. გუშინ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან დავით კეზერაშვილი ამოიღო, მისი ადვოკატის, შოთა მინდელის თქმით, ინტერპოლმა დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკური მოტივების გამო იძებნებოდა. 

საქართველოში პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების არსებობის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევაც არსებობს, სადაც გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან, ბაჩო ახალაიასთან, თენგიზ გუნავასა და სხვების სასამართლო პროცესებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ საქმეებში პოლიტიკური მოტივები არის შეფასებული. 

პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე ნინო ბურჯანაძეა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბურჯანაძე დაკითხულია სააკაშვილის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის აღძვრის დროისთვის არ არსებობდა ბრალის წაყენებისათვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. კვლევის მიხედვით, არსებობს სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ ნინო ბურჯანაძის ჩვენება სანდო არ არის. ამასთანავე ბურჯანაძე ვერ ადასტურებს სააკაშვილის მხრიდან უშუალოდ რაიმე ბრძანების გაცემის თუ გადაწყვეტილების მიღების ფაქტს.

ექსპრეზიდენტს ბრალი ასევე ''ტელეიმედისა" და მეტალურგიული ქარხნის საქმეებში აქვს წაყენებული. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის მიხედვით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის მუქარის მცდელობას მაინც. 

კიდევ ერთი ბრალდება, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს, არის ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდი, სადაც ერთ-ერთი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილი, მეორე მოწმე კი ნინო ბურჯანაძეა. კვლევის მიხედვით, ამ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის განმეორებითი დაკითხვა პროკურატურის მიერ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებით იყო მოტივირებული. კვლევის მიხედვით ნინო ბურჯანაძის ჩვენება ირიბი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა ფაქტებით სჭირდება დამტკიცება, რის გარეშეც ის დაუშვებლად ითვლება. ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება და გადაწყვეტილების მიღება არაკონსტიტუციურად არის ცნობილი, რის გამოც კვლევაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებიც შესაბამისად არაკონსტიტუციურია. 

ექსპრეზიდენტს კიდევ ერთი ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმის გამო აქვს წარდგენილი, სადაც პროკურატურა სააკაშვილს ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა შეწყალებას ედავება. საქმე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების - შეწყალების გამოყენებას დანაშაულად განიხილავს. პრეზიდენტი შეწყალების გამოყენებისას შეზღუდული არ არის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით, მოსახდელი სასჯელის ზომით და ა.შ. იგი ამ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მისი შეხედულებიდან გამომდინარე, რა დროსაც შეიძლება იყოს სუბიექტური ამა თუ იმ მსჯავრდებულის მიმართ. კვლევის მიხედვით პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებისას მის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას არის მოკლებული.

კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელსაც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება არის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმე, სადაც ბრალდების მხარე პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის არამიზნობრივ გამოყენებას ედავება, თუმცა კვლევის მიხედვით „2011 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტში ხარჯები გაწერილია როგორც მიზნობრივი, ასევე არამიზნობრივი ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზნობრივი ხარჯების გარდა არსებობს ''სხვა ხარჯებიც." კვლევის მიხედვით არამიზნობრივი ხარჯების მიზნობრივად დახარჯვის კანონიერების საკითხის დაყენება სცილდება სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებს და აღიქმება, როგორც შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითი.

კვლევაში ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ქონების დაყადაღების პრობლემურობაც არის განხილული. 

საქართველოში შერჩევითი სამართლის ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით კომენტარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემაც ელმარ ბროკმაც გააკეთა. ბროკის განცხადებით კარგი იქნება, თუკი ქვეყანაში შერჩევითი სამართლის ნიშნები გაქრება. ევროპარლამენტის დელეგაციის უკანასკნელი ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები მატროსოვის ციხეში პატიმრობაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდნენ, ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ქვეყანაში შერჩევითი სამართლის ნიშნებზე გაამახვილეს.

კომენტარები