თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, პროკურორები ამჯერად განხილვის გადადებას ითხოვენ. ისინი დროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითადი დებულებების გასაცნობად ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლე ეკა კულულაშვილს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პროკურორებმა სამი შუამდგომლობა დააყენეს - მოითხოვეს სათადარიგო მოსამართლის აცილება; მოითხოვეს 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება; ასევე მოითხოვეს საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა. არცერთი შუამდგომლობა მოსამართლე ეკა კულულაშვილმა არ დააკმაყოფილა.
გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.





