გიგი უგულავას საქმე

კახიშვილი: გადაწყვეტილება არ ეხება 1 კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა კონკრეტული პირის - გიგი უგულავას პატიმრობას. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს, პირველ რიგში, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა სჭირდება. კახიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე გიგი უგულავას ადვოკატმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ გადასცეს.

"ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან. ასეთი რამ საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა თუ ხელთ გვექნებოდა სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც თეთრზე შავად ეწერებოდა, რომ კონკრეტული პირი არის უკანონო პატიმარი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, წარიმართებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურა. მაგრამ ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კონრეტულად ერთი ბრალდებულის პატიმრობის კანონიერებაზე და ვერც იმსჯელა, არამედ მან იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება: პირველი - ამ სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა, მეორე - იმის გამიჯვნა, თუ რომელ ნორმაზეა საუბარი, მესამე - დაუყოვნებლივი მითითების გაცემა, რომ დაწესებულებების დირექტორებმა დაიწყონ იმ პატიმრების საქმეების შესწავლა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ხდება, ერთის მხრივ, იურიდიული დეპარტამენტისადმი დავალების გაცემა დასკვნისთვის და, მეორეს მხრივ, პენიტენციური დეპარტამენტისთვის მითითების მიცემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ყველა დაწესებულებას და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დაიწყონ იმ პატიმრების პირადი საქმეების შესწავლა, რომელთა მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება, იმისთვის რომ მოხდეს კანონით დადგენილი წესით მისი აღსრულება", - განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას მკაცრად გააკონტროლებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება გუშინ, 21:00-ზე საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ გამოაცხადა. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავა ამ დრომდე არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მისმა თანაგუნდელებმა და მხარდამჭერებმა ყოფილი მერის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს. თუმცა, ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, "სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ ჩაიბარა [გადაწყვეტილება], არ ჩაიბარა მისმა ადმინისტრაციამ, როგორც ვიცით, მინისტრი საერთოდ ზარებსაც კი არ პასუხობს. დარღვევა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან, ამ დრომდე, გიორგი უგულავა არ არის თავისუფალი და ვერანაირი ინტერპრეტაცია ქართული კანონმდებლობის, ვერ მიცემს ვერც პროკურატურას, ვერც სასამართლოს, ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იმის შესაძლებლობას, რომ ამტკიცონ, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო გიორგი უგულავას გასათავისუფლებლად".

კომენტარები