რთველი 2015

კახეთში მიმდინარე აქციაზე დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს დაარტყეს

ტაბულა

კახეთში მიმდინარე აქციაზე, სადაც მევენახეები ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ, უცნობმა მამაკაცმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს სახეში დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის მოითხოვდა, რომ დეპუტატს აქცია დაეტოვებინა. მოძალადე სამართალდამცველებმა დააკავეს. ღვინიაშვილი მომხდარს პრემიერმინისტრის განცხადებას უკავშირებს. 

"მივმართავ ღარიბაშვილს - მე ამ დარტყმას ავიტან, მაგრამ ეს დარტყმა იყო არა ჩემი მისამართით, არამედ კახელი გლეხების მისამართით," - თქვა დეპუტატმა. 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლოს კახეთში სიტუაცია და "ეს პროვოკატორები მოვაშოროთ". 

"ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი - გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ყურძენზე, რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინა წლებში. ახლა ეს ადამიანი იმისთვის, რომ ოდესის გუბერნატორს დაუმტკიცოს ერთგულება, ჩადის და აქტიურობს. მინდა, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ. ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ დღეს ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით ინტრიგანული, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს იმ რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და ფონის გაუარესებას" - თქვა პრემიერმა.

კახელმა მევენახეებმა თელავი-ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს. ისინი ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები