რთველი 2015

კახელი მევენახეები აქციებს აგრძელებენ

David Mdzinarishvili / Reuters

კახელი მევენახეები აქციებს განაგრძობენ. გურჯაანელ გლეხებს ლაგოდეხელი მევენახეებიც შეუერთდნენ. ისინი გზის გადაკეტვას აპირებენ. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. მევენახეების განცხადებით, ყურძნის ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს.

გარდა ამისა, კახელი მევენახეები თბილისშიც ჩამოვიდნენ და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დასწრებას აპირებენ. განიხილავს თუ არა კომიტეტი რთველი 2015-ის საკითხს, ეს ცოტა ხანში გადაწყდება. 

"კახეთში არის უმძიმესი მდგომარეობა. კახელი გლეხკაცი ჩავარდნილია სასოწარკვეთილებაში და არ იცის, რა ქნას. იმიტომ, რომ სთავაზობენ ძალიან დაბალ ფასს. ასევე, ქარხნები ყურძენს აქტიურად არ იბარებენ და ყურძენი უკვე ფუჭდება. ამიტომ ჩვენ გვინდა, დავსვათ საკითხი და მივიღოთ პასუხები თუ რას აპირებს ხელისუფლება ამ ხალხის გადასარჩენად", - ამბობს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღვინიაშვილი.

კახეთში რთველი 2015 გუშინ, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. კახეთში უკვე გაიხსნა ოთხი ქარხანა - ყველა მათგანი სახელმწიფო ან მის მიერ დაქირავებულია. ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასის გადახედვას არ აპირებენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული. 

კომენტარები