დაკავება

იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული გიორგი ფ. თბილისში, ხოლო 1973 წელს დაბადებული გიორგი გ. გორის რაიონის სოფელ არბოში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფ-მ თბილისში, იარაღის ერთ-ერთ მაღაზიაში, "გლოკის" სისტემის ორი პისტოლეტი შეიძინა, რომლებიც შენახვის უფლებით გაიფორმა. აღნიშნული პისტოლეტები მან წინასწარი შეთანხმებით, გიორგი გ-ს 1500 ლარად, უკანონოდ მიჰყიდა.

უწყებისვე ცნობით, სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, 3 საბრძოლო ვაზნა, ხოლო სოფელ არბოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, მის მიერ გადამალული, უკანონოდ შეძენილი, "გლოკის" სისტემის 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

კომენტარები