საგარეო ვაჭრობა

ექსპორტი აშშ-ში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში შემცირებულია

AFP via Getty Images

2015 წელს იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში $54 მილიონით შემცირდა. აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა წელს მხოლოდ $68 მილიონს შეადგენს. ამერიკასთან ერთად, საქართველოს ექსპორტი შემცირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აზერბაიჯანი ($186 მილიონით), რუსეთი ($75 მილიონით), სომხეთი ($63 მილიონით), თურქეთი ($20 მილიონით) და სხვა ქვეყნები ($53 მილიონით).

ექსპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. რეგიონის ქვეყნებთან ვაჭრობის მოცულობის შემცირება წინა წელთან შედარებით გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ახალ რეგულაციებს უკავშირდება. რუსეთში ექსპორტის შემცირება ღვინის ექსპორტის $53 მილიონით შემცირებას უკავშირდება. აზერბაიჯანში ექსპორტის $186 მილიონით შემცირება ავტოექსპორტზე დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია. თურქეთში ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არმატურის ექსპორტის კლებაა. 

ათი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია. ამ ექვსი საქონლის სია ასე გამოიყურება: 

  1. ავტომობილები $223-მილიონიანი კლება
  2. ფეროშენადნობები $53-მილიონიანი კლება
  3. ღვინოები $53-მილიონიანი კლება
  4. მინერალური წყლები $33-მილიონიანი კლება
  5. აზოტოვანი სასუქები $20-მილიონიანი კლება
  6. სპილენძის მადნები და კონცენტრატები $17-მილიონიანი კლება

საგარეო ვაჭრობის მოცულობის შემცირების მიუხედავად, ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფსა და ქვეყანაში ექსპორტის ზრდაც შეინიშნება. ასეთია ჩინეთი, სადაც წელს ვაჭრობის მოცულობა $24 მილიონით გაიზარდა და $67 მილიონი გახდა. საქართველოს ჩინეთში ძირითადად სპილენძის მადნები გააქვს. გაორმაგებულია ვაჭრობა უზბეკეთთან. შუააზიურ რესპუბლიკაში წელს ექსპორტირებულია $48 მილიონის მოცულობის საქონელი. სასაქონლო ჯგუფებიდან კი $45 მილიონით არის გაზრდილი თხილისა და კაკლის ექსპორტი. წელსვე $29 მილიონით გაიზარდა ქართული ფარმაცევტული საშუალებების ექსპორტი.

2015 წელს ივლისის ჩათვლით საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14%-ით შემცირდა, რაც ექსპორტის შემცირებასთან ერთად იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. წელს საქართველოში შემოსული იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ $4.3 მილიარდი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. წელს ივლისის ჩათვლით საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $3 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $3მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია, რადგანაც სხვა წყაროები - ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი - შემცირებულია, რაც ლარის გაუფასურების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა, ავტომობილების ექსპორტის $223-მილიონიანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნებია.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება. 

კომენტარები