უკრაინის კრიზისი

ვლადიმირ პუტინი: უკრაინაში უცხოელების დანიშვნა სირცხვილია

euractiv.de

რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ყირიმში ყოფნისას უკრაინას მაღალ თანამდებობებზე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დანიშვნის გამო უსაყვედურა და აღნიშნა, რომ უკრაინა გარეშე მართვის ქვეშ იმყოფება. ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.

„რუსები და უკრაინელები საერთოდ ერთი ხალხია. ჩვენ მათ არ ვასხვავებთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სირთულეების მიუხედავად, სიტუაცია უკრაინაში გამოსწორდება, უკრაინა განვითარდება და უარს იტყვის დღევანდელ სამარცხვინო პრაქტიკაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ უზარმაზარი ევროპული ქვეყანა გარეშე მართვის ქვეშ აღმოჩნდა. წამყვან თანამდებობებს მთავრობასა და რეგინებში უცხოელები იკავებენ. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დამამცირებელია. ამას პასუხს უკრაინელი ხალხი გასცემს, უკრაინა კი ფეხზე წამოდგება და საკუთარ მომავალს რუსეთთან ერთად ააშენებს", - თქვა პუტინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მოსკოვი უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვას ნორმანდიის ფორმატში, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით მოითხოვს, რადგან სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის რადას მიერ მიღებული დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მინსკის შეთანხმებას არ შეესაბამება.

დღეს პრორუსი ტერორისტების მიერ მარიუპოლის გარეუბნის დაბომბვის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვმა სამ ადამიანს მიაღწია. დაშავებულია კიდევ შვიდი ადამიანი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. კიევის ცნობით, სეპარატისტთა მხრიდან ცეცხლის ინტენსიობამ იკლო, ამავე დროს, ანტიტერორისტულ შტაბში აცხადებენ, რომ სეპარატისტებს მინსკის შეთანხმების ჩაშლა სურთ, რათა დასახმარებლად რუსეთს მიმართონ.

კომენტარები