საარსებო მინიმუმი

საქსტატი: სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 248 ლარია

ტაბულა

საქსტატმა საარსებო მინიმუმის ივლისის თვის კალკულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის ივლისში საარსებო მინიმუმის მოცულობა შემცირდა და მან 248 ლარი ანუ დაახლოებით $107 შეადგინა. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი ივლისში 155 ლარი იყო. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო. 

საქსტატის მიერ ივლისში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ზომის ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:

  1. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 155 ლარი
  2. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 137 ლარი
  3. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 220 ლარი
  4. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 248 ლარი
  5. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 275 ლარი
  6. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 310 ლარი
  7. ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 366 ლარი

გასული თვეების მანძილზე საარსებო მინიმუმი სამსულიანი ოჯახისთვის დაახლოებით 257 ლარი იყო, ივლისში კი მისი შემცირება სურსათის ფასის სეზონურ ცვალებადობას უკავშირდება.

საქსტატი საარსებო მინიმუმს ასაკობრივ ჭრილის მიხედვით არ ადგენს, მსგავსი ინფორმაცია კი მინიმალური პენსიის დადგენის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის საარსებო მინიმუმში სავარაუდოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც მათი პენსიის დადგენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. დღეისთვის საქართველოში გაცემული პენსიის მოცულობა 150 ლარია, სექტემბრიდან კი 160 ლარი გახდება. 

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის. 

კომენტარები