საარსებო მინიმუმი

დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარი იყო – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემით, დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარს შეადგენს. ეს წინა თვესთან შედარებით (255.1 ლარი) 1.60 ლარით ნაკლებია.

საარსებო მინიმუმი 2021 წლის იგივე პერიოდში 223.5 ლარი იყო. შესაბამისად, წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით, 2022 წლის დეკემბრის მონაცემი 30 ლარით მეტია.

საარსებო მინიმუმის ზრდა ქვეყანაში არსებულ რეკორდულ ინფლაციურ მაჩვენებელს უკავშირდება. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაცია 9.8%-ია.

ასევე, საქსტატის ცნობით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 26.5 ლარით გაიზარდა და 224.5 ლარს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით კი, ეს მონაცემი 1.5 ლარით არის შემცირებული.

საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომენტარები