საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

The Wall Street Journal: საქართველო რუსეთთან კონფლიქტს შეეგუა

wsj.com

31 ივლისს The Wall Street Journal-ში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ფილიპ შიშკინის სტატია გამოქვეყნდა. ფილიპ შიშკინი გასული წლების მანძილზე საქართველოში რუსული გავლენის სფეროს გაფართოებაზე საუბრობს. 

სტატიაში 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის ალეკო გრიგოლაშვილის შესახებ არის საუბარი. გრიგოლაშვილი უკრაინაში რუსული სამხედრო ფორმირებების შეჭრის შემდეგ წავიდა, სადაც 2014 წლის დეკემბერში ქალაქ სჩასწიეს მახლობლად პრორუსმა ამბოხებულებმა მოკლეს. ფილიპ შიშკინის შეფასებით ამ დროს უკვე აშკარა გახდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსმა ვექტორის ცვლილება დაიწყო, რაც შიშკინის აზრით უკრაინაში საბრძოლველად წასული ქართველი ჯარისკაცების შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებებში აისახა.

სტატიაში რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ციტატაც არის შესული. აბაშიძის თქმით, საქართველოსთვის NATO-ს წევრობა არ არის არც ახლო და არც უფრო შორეული მომავლის პერსპექტივა, რის გამოც მათ მოსახლოებას ცრუ იმედები არ უნდა ჩაუნერგონ, რადგანაც ქვეყანა საკმაოდ რთულ რეგიონში იმყოფება. შიშკინის თქმით, ზურაბ აბაშიძის თანამდებობის შექმნაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ამჟამად რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობები აქვს. აბაშიძის თქმით, NATO-ში გაწევრიანება კვლავ რჩება ქვეყნის გაცხადებულ მიზნად, თუმცა საქართველომ ამ მიზანს ქვეყნის განადგურების გარეშე უნდა მიაღწიოს. 

სტატიაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითით აშკარა გახდა, რომ დასავლეთი არ გეგმავს იმ ქვეყნების სამხედრო ძალითა და იარაღით დახმარებას, რომლებშიც რუსული ფორმირებები შეიჭრნენ, რაც კიდევ ერთხელ უკრაინაშიც განმეორდა. 

შიშკინის თქმით, გასული წლების მანძილზე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური ქვეყანა იყო. აღნიშნული კურის კი საქართველომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აიღო. შიშკინის თქმით, ამ რევოლუციის მონაპოვარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ქვეყანა კორუფციისგან და კრიმინალისგან გაათავისუფლა და ასევე დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში ქართულმა ჯარმაც განიცადა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია და სწორედ ამ პერიოდში მიიღო ალეკო გრიგოლაშვილმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება. გარდაქმნის მიუხედავად საქართველოს პროდასავლური კურსი NATO-ში გაწევრიანებით არ დასრულდა, რადგანაც აშშ-ს მხარდაჭერის მიუხედავად საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი წავიდნენ, ამ ქვეყნებმა NATO-ს უკანასკნელ სამიტზეც დააფიქსირეს საკუთარი ეჭვები სამხედრო კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. 2008 წელს კი რუსული სამხედრო ფორმირებები საქართველოში შეიჭრნენ, რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. 

შიშკინის თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული, რაც 2015 წლის მაისში თავად ქვეყნის ექსპრეზიდენტმაც მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა. სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დროს გატარდა მრავალი რადიკალური რეფორმა, რომელთა დროსაც გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული. თუმცა მიხეილ სააკაშვილი უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რაც საქართველოს დღევანდელ მთავრობას მისდამი გააჩნია. ფილიპ შიშკინის თქმით, ეს ბრალდებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პროკურატურის განცხადებები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საფუძვლიანი ბრალდებები არსებობს ნაკლებად არის დამარწმუნებელი. სააკაშვილის ექსტრადიციაზე უკრაინულმა მხარემაც განაცხადა უარი.

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით შიშკინი წერს, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა 2010 და 2009 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული პირები. ამ ქმედების შემდეგ კი საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურის ოფიცერი ლევან ტაბიძე პატიმრების წამების ბრალდებით იქნა დაკავებული. ამასთან დაკავშირებით საქართველოს 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა უფროსმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების ციხიდან გამოშვება და შემდეგ კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლის დაჭერა საკმაოდ ნათელი სიგნალია. თუმცა ლევან ტაბიძესთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენელმა ლევან ქარუმიძემ განაცხადა, რომ ტაბიძე აკეთებდა ყველაფერს, რათა სააკაშვილის ავტორიტარული მმართევლობა გაძლიერებულიყო. 

ფილიპ შიშკინის სტატიაში ჯაშუშების საქმესთან ერთად განხილულია საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც 2013 წელს რუსული მხარის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ღვინის ემბარგოს მოხსნაში აისახა, რის შედეგადაც ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 2013-2014 წლებში გაორმაგდა. თუმცა შიშკინი წერს, რომ ემბარგოს მოხსნამ საქართველო რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადა. რუსეთში არსებული ფინანსური კრიზისის გამო კი საქართველოს ღვინის ექსპორტი 2015 წელს განახევრდა. ფილიპ შიშკინის სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში გაორმაგებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირში უნდა გაწევრიანდეს.

შიშკინი სტატიაში პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც საუბრობს, საიდანაც განსაკუთრებით აშკარაა, საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ნონო ბურჯანაძის მოწოდებები იმის შესახებ, რომ, რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულება ქვეყნის მონობას არ ნიშნავს. ფილიპ შიშკინის სტატიაში საუბარი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის უკანასკნელ შემთხვევებსაც შეეხება. 

The Wall Street Journal-ის სტატიაში საუბარი საჰაერო უსაფრთხოების სისტემასაც შეეხება. შიშკინი წერს, რომ 2014 წლის სექტემბერში საქართველო ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესახებ აფორმებდა მემორანდუმს, როდესაც ხელშეკრულების გაფორმებამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნისგან, მინდია ჯანელიძისგან მიიღო სატელეფონო ზარი, რომელიც ალასანიას აფრთხილებდა ხელი არ მოეწერა ამ შეთანხმებისთვის. ალასანიამ ამ შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში მან თავდაცვის მინისტრის პოსტი მისი თანამშრომლების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღძვრის შემდეგ დატოვა, მის ადგილზე კი მინდია ჯანელიძე დაინიშნა.

შიშკინი აღნიშნავს, რომ საქართველომ მართლაც გააფორმა საჰაერო უსაფრთხოების სისტემის შეძენის შესახებ გარიგება, თუმცა ამჟამად ოპოზიციაში მყოფმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება მის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაცილებით შეზღუდულია. 

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ივლისში სტატია Washington Post-მაც გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი მაიკლ ბირნბაუმი წერს, რომ მიუხედავად რუსეთთან წარსული უთანხმოებისა, საქართველო კვლავ მის ორბიტაზე ბრუნდება. 

სტატიაში ნათქვამია, რომ მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება. ავტორი საუბრობს იმაზე, რომ რუსები ცდილობენ მსოფლიოს ამ ნაწილზე დომინირება შეინარჩუნოს. ისინი რეგიონს ევროპელებზე გაცილებით უკეთ იცნობენ და კარგად გათვლილ ნაბიჯებს დგამენ. სტატიაში წერია, რომ მიუხედავად რუსეთის გაძლიერებისა, საქართველო ევროკავშირისა და NATO-საკენ მიმავალი გზის ერთგული რჩება.

კომენტარები