საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

დეგნანი: პუტინი უსასყიდლოდ არაფერს გასცემს - საკითხავია, რატომ გაძლევთ ამ საჩუქარს ახლა

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მას კარგად ესმის თუ რატომ აქვთ კითხვები საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ახლა საკითხავი სწორედ ის არის, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. 

კელი დეგნანის თქმით, პუტინი უსასყიდლოდ არაფერს გასცემს და ქართველებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უფრო გააბედნიერებდა. 

"მე მესმის, რატომ აქვთ გარკვეული კითხვები საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, საკითხავი ისაა, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაეღო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა ნამდვილად ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის.

პუტინი უსასყიდლოდ არაფერს გასცემს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, თუ რატომ გასცემს ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება".- განაცხადა კელი დეგნანმა. 

ამასთან ელჩისთვის დასმულ შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან და პირდაპირ ფრენებს, კელი დეგნანმა თქვა, რომ ეს კომერციული გადაწყვეტილებაა. 

"საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოც".- თქვა კელი დეგნანმა. 

 

კომენტარები