გაზმომარაგება

ენერგეტიკის სამინისტრო: მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება არ უწყდება

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს. სამინისტროს განცხადებით, "სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს". ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

"27 ივლისს რუსთავი 2-ის ეთერით გასული სიუჟეტი - მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ტელეკომპანია რუსთავი 2 კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედიასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება.

შაჰ-დენიზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება ყაზახის ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო ყაზახის მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, შაჰ-დენიზის მილსადენი უზრუნველყოფს", - აცხადებს ენერგეტიკის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მილსადენების გამართული ფუნქციონირების მიზნით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა.

"ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და მით უმეტეს არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა. საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია რუსთავი 2-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაცია უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გადაამოწმონ", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

კომენტარები