გაზმომარაგება

SOCAR-ი აზერბაიჯანისგან საქართველოსთვის გაზის შეწყვეტაზე ინფორმაციას უარყოფს

http://globe-views.com

საქართველოსთვის აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია SOCAR Georgia Gas უარყოფს. კომპანიის განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, ტაბულას სანდო, კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანისგან გაფრთხილება მიიღო შემოდგომიდან გაზის მოწოდების შეწყვეტის თაობაზე. როგორც ტაბულას წყარომ აცნობა, გაფრთხილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, სოკარის დაჯარიმებით იყო ნაკარნახევი. წერილის მიღება გუშინ ენერგეტიკის სამინისტრომაც უარყო.

"SOCAR Georgia Gas აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს.

SOCAR Georgia Gas თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს, გადამოწმების გარეშე აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. 19 ივლისს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას", - აცხადებს SOCAR Georgia Gas.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ნავთობკომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის, 14.4- მილიონიანი ჯარიმა სოკარს დააკისრა. სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2008-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. ცნობილია, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 14.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქართველო 80%-ით სოკარის მოწოდებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აზერბაიჯანი საქართველოს ათას მეტრ კუბ ბუნებრივ აირს $160-ად აწვდის, რაც აზერბაიჯანის მიერ სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, მიწოდებულ ბუნებრივ აირთან შედარებით $90-ით ნაკლებია. 

აღსანიშნავია, რომ წელს სოკარმა საქართველოში ერთ-ერთი ინვესტიცია, კერძოდ კი, $700- მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა.
 

 

 

კომენტარები