გაზმომარაგება

ენერგეტიკის სამინისტრო აზერბაიჯანული მხარისგან წერილის მიღების ფაქტს უარყოფს

ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანული მხრიდან შემოდგომიდან გაზმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აზერბაიჯანული მხრიდან გაზმომარაგების შესაძლო შეწყვეტის შესახებ წერილის მიღების ფაქტს უარყოფს. გუშინ ტაბულას სანდო, კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანისგან გაფრთხილება მიიღო შემოდგომიდან გაზის მოწოდების შეწყვეტის თაობაზე. როგორც ტაბულას წყარომ აცნობა, გაფრთხილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, სოკარის დაჯარიმებით იყო ნაკარნახევი.

"ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას, რაც ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლმობას არ ემუქრება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები გაზმომარეგების სფეროში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის სისტემატიურად იმართება სამუშაო შეხვედრები სადაც, განიხილება როგორც ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნების სრულად და სტაბილურად მომარაგების, აგრეთვე მსხვილ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობის საკითხები", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ნავთობკომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის, 14.4- მილიონიანი ჯარიმა სოკარს დააკისრა. სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2008-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. ცნობილია, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 14.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქართველო 80%-ით სოკარის მოწოდებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აზერბაიჯანი საქართველოს ათას მეტრ კუბ ბუნებრივ აირს $160-ად აწვდის, რაც აზერბაიჯანის მიერ სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, მიწოდებულ ბუნებრივ აირთან შედარებით $90-ით ნაკლებია. 

აღსანიშნავია, რომ წელს სოკარმა საქართველოში ერთ-ერთი ინვესტიცია, კერძოდ კი, $700- მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა.
 

კომენტარები