ჩინეთი

ჩინეთმა საფონდო ბირჟის გადასარჩენად $500 მილიარდიანი ფონდი შექმნა

CNN

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ საფონდო ბირჟის გადასარჩენად $500 მილიარდ დოლარიანი სამთავრობო დახმარების ფონდი შექმნა. ჩინეთი ბირჟის გადასარჩენად იმაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტს დახარჯავს, ვიდრე ევროპამ დახარჯა საბერძნეთის კრიზისის მოსაგვარებლად. ფონდი ძირითადად ცენტრალური ბანკიდან დაფინანსდება. ფონდში არსებული თანხებით გაუფასურებული აქციების შეძენა და კომპანიებისთვის ფინანსური ლიკვიდობის დაბრუნება მოხდება. მთავრობის გადაწყვეტილებამ ბირჟებზე ტრეიდერების, ანუ 90 მილიონი ადამიანის მოლოდინები გააუმჯობესა, რის გამოც შანხაის ინდექსი დღეს მთელი 3.5%-ით გაიზარდა. გასული პერიოდის მანძილზე ჩინეთის საფონდო ბირჟის დანაკარგმა $3.9 ტრილიონს გადააჭარბა. 

ამ დროისთვის მთავრობას ქვეყნის საფონდო ბირჟაზე არსებული აქციების დაახლოებით 75% გაყინული აქვს, რათა აქციების უფრო სწრაფი ვარდნა არ მოხდეს. ყველა მაჟორიტარ აქციონერს (მათ ვისაც კომპანიის აცქიების საკონტროლო პაკეტი აქვთ) მთავრობამ აქციების გაყიდვა აუკრძალა. ასევე გაყინულია იმ კომპანიების აქციებთ ვაჭრობა, რომლებიც ამ დროის მანძილზე ერთ დღეში 10%-ზე მეტად შემცირდნენ. ჰონგ-კონგელი ანალიტიკოსის ჰაო ჰონგის თქმით ახალ ფონდს პირველ რიგში ფორმალური დატვირთვა ექნება, რადგანაც იმისდა მიუხედავად დაიხარჯება, თუ არა ფონდის $500 მილიარდი, ტრეიდერების მოლოდინები მაინც უკეთესობისკენ შეიცვლება და პანიკური ვითარება გამოსწორდება.

ახალი ფონდი გრძელვადიან პერსპექტივაში ახალ რისკს წარმოადგენს

ჩინეთი მართული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მთავრობა ბირჟების მხოლოდ ერთი მიმართულებით, ანუ ზევით მოძრაობას უჭერს მხარს. არსებული ვარდნის დროს კი ასეთმა ფართომასშტაბიანმა ინტერვენციამ ეკონომიკისთვის რეალური საფრთხე შეიძლება გადაავადოს. ქვეყნის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია და 30%-ს შეადგენს. ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ასევე დაბალია საბანკო სფეროს ჩართულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟების ვარდნას პირდაპირი ასახვა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში არ ექნებოდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შანხაის ინდექსის 32%-იანი ვარდნის მიუხედავად ის მაინც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით ზევითაა. ჩინეთში საფონდო ბირჟის მოვაჭრეთა დიდი ნაწილი ჩვეულებრივი მოსახლეობაა, მეტიც ის 10 მილიონით აჭარბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის წევრთა რაოდენობას. ქვეყნის მოსახლეობის 6% ანუ დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს, მათი ნაწილი ვაჭობისთვის ნასესხებ კაპიტალს იყენებს. 

ფართომასშტაბიანი ინტერვენციას მორალური უარყოფითი მხარეც აქვს, ამით ერთი მხრივ მთავრობა მოსახლეობას ანიშნებს, რომ ის მათ რისკებს საკუთარ თავზე იღებს, მეორე მხრივ კი აქციების ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში დაიკარგება $500 მილიარდიანი კაპიტალი, რითიც ზარალი უკვე არა კერძო კომპანიებს, არამედ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მიადგება, რამაც შემდგომი კრიზისების შემთხევევაში ქვეყნის საფინანსო სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს.

რა ხდება ჩინეთში - ავსტრიული მოდელი

ავსტრიული ბიზნეს ციკლის თეორია ჩინეთში არსებული ვითარების მარტივად გაგების საშუალებას იძლევა. თეორიის მიხედვით ჩინეთში არსებული ვითარების სათავე 2008 წლის ფინანსური კრიზისია, რომლის გამოც ჩინეთის მთავრობამ მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და ბიზნესის დასახმარებლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დახარჯა. ჩინეთის პოლიტიკა ერთი მხრივ წარმატებით დასრულდა, რადგანაც ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა დაიბრუნა, მეორე მხრივ კი, ამან უძრავი ქონების სექტორში ბუშტის წარმოქმნას შეუწყო ხელი. 2014 წლიდან კი უკვე აშკარა გახდა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ხელოვნურად იყო გაბერილი, რასაც ქონებაზე ფასების დაწევა მოჰყვა. ამის გამო მთავრობამ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეარბილა, რათა მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენა გამარტივებოდა და ამ ბაზარზე მოთხოვნა კვლავ დაებრუნებინა, თუმცა საპასუხოდ ინვესტორებმა არა უძრავი ქონების სექტორში დააბანდეს ახალი კაპიტალი, არამედ საფონდო ბირჟებისკენ გადაინაცვლეს, რაც წლების მანძილზე სტაბილურად მზარდი შემოსავლებით გამოირჩეოდა. 

ჩინური ბირჟების სწრაფი ზრდა ავსტრიული თეორიის მიხედვით გამოიწვია შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, რის გამოც მოსახლეობა ნასესხები კაპიტალით ყიდულობდა აქციებს, რასაც აქციებზე გზარდილი მოთხოვნა მოჰყვა, გაზრდილ მოთხოვნას კი გაზრდილი ფასი, რის გამოც მრავალმა მოქალაქემ ჩათვალა, რომ აქციები კარგი ინვესტიცია იქნებოდა და მათაც დააბანდეს საკუთარი კაპიტალი ამ ბაზარზე. თეორია ასეთ ინვესტიციებს ''ცუდ ინვესტიციებს" უწოდებს, რადგანაც საბოლოოდ სწორედ ეს ინვესტიციები ხდება რეცესიის მიზეზი. შედეგად კი აქციების ფასების გრაფიკმა პარაბოლური ფორმა მიიღო და მრავალი კომპანიის აქციები არარეალურად გაიზარდა. ეს კი მრავალი ინვესტორისთვის უკვე ნიშანი იყო, რომ ვითარება კარგად დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდებოდა, რასაც ივნისში აქციების მცირე კლება, ივლისის დასაწყისიდან კი პანიკური ვაჭრობა მოჰყვა. 

ავსტრიული ბიზნეს ციკლის თეორიის მიხედვით სახელმწიფოები მუდამ იგივე შეცდომებს იმეორებენ, როდესაც რეცესიის პერიოდის ინტერვენციებით შველას ცდილობენ, რადგანაც ამ დროს ისინი ხელს უწყობენ ახალი ბუმის გაჩენას, რასაც რეცესია მოჰყვება. ასევე ეს ინტერვენციები დიდ საბიუჯეტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ინტერვენციების დროს გაზრდილი ხარჯვა კი თავის მხრივ ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის, რადგანაც მთავრობები რეცესიის დროს ინტერვენციებისთვის საჭირო ფულის ნაწილს სესხულობენ, რაც შემდგომში გაზრდილ ვალში აისახება და მომავალი რეცესიის შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდი დანაკარგით დასრულდეს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო რეცესიის დროს დიდი ინტერვენციებისგან თავს შეიკავებდა.

კომენტარები