საწვავის ფასები

კალაძე: ნავთობკომპანიების დაჯარიმებას პრევენციის სახე ექნება

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ და ამაში მათ ხელს არავინ შეუშლით. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევას 8 თვის განმავლობაში ატარებდა. 

"ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს რაც შეეხება, მათ ედავებიან იმას, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება საბოლოოდ მომხმარებლისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და ალბათ, მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ. 

კითხვაზე, ნავთობკომპანიები აპირებენ ჩივილს, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია. 

"ხელის შეშლას არავინ აპირებს. მათი უფლებაა და შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში", - თქვა კალაძემ. 

კონკურენციის სააგენტომ ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონომიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ბარაბაძის თქმით, სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. ბარაბაძე წინასწარ ვერ აკონკრეტებს, გაზრდის თუ არა ყველა ძირითადი ოპერატორისთვის ჯარიმა საწვავის ფასებს.  

 

კომენტარები