უბედური შემთხვევა

ნარმანია: გლდანში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა - დაშავდა

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, გლდანში კორპუსის ნაწილის აფეთქების დროს ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი - დაშავდა. ამის შესახებ ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე განაცხადა. ნარმანიას თქმითვე, ნანგრევებში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. 

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. 

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხრასართულიან კორპუსს ჰქონდა 3-სართულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები