საგარეო ვაჭრობა

ივნისში საგარეო ვაჭრობა შემცირდა: ექსპორტი 19%-ით, იმპორტი კი 14%-ით

nwdc.co.za

ივნისში საგარეო ვაჭრობა შემცირდა: ექსპორტი 19%-ით, იმპორტი კი 14%-ით. ექსპორტის მოცულობა უკვე მეთერთმეტე თვეა მცირდება. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივნისის თვის ექსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ივნისში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ $198 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში კი ექსპორტმა სულ $1082 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება. 

2015 წელს ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13%-ით შემცირდა, რაც ექსპორტის შემცირებასთან ერთად იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. წელს საქართველოში შემოსული იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ $3.68 მილიარდი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირებას უარყოფითთან ერთად დადებითი ეფექტიც აქვს, რადგანაც იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტის დასაფინანსებლად უცხოეთში უფრო ნაკლები თანხა გაედინება. 

წელს ივნისის ჩათვლით საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $2.58 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $2.58 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია, რადგანაც სხვა წყაროები, როგორცაა ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, შემცირებულია, რაც ლარის გაუფასურების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 

კომენტარები