შსს-ს რეფორმა

1 აგვისტოდან შსს-ს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფა

RFE/RL

დღეს, 9 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - 1 აგვისტოდან შსს ორ უწყებად გაიყოფა და ცალკე ჩამოყალიბდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძირითადად, საპოლიციო ფუნქციები დარჩება, ხოლო ახალი სამსახურის მანდატი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება.

არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმა არ არის და შსს უბრალოდ ტექნიკურად გაიყო ორ ნაწილად, რაც უფრო მეტი გაუმჭვირვალობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. "უსაფრთხოების სამსახურში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირება და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციათა დუბლირება, უსაფრთხოების სამსახურის დაბალი გამჭვირვალობის სტანდარტი და გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები, უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ფარგლები სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სტრუქტირებზე, ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის ფორმალური ფორმირება და ფარული თვალთვალი მიყურადების უცვლელი პრობლემებით. სწორედ ამ პრობლემების გამო, რეფორმას დადებითად ვერ შევაფასებთ. " - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანესია და წლის მთავარი მიღწევა გახდება.საქართველოში წლების მანძილზე შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები ცალ-ცალკე უწყება იყო, ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ვადის დროს, 2004 წელს გაერთიანდა.

ამ საკითხზე პრეზიდენტის მკაფიო პოზიცია უცნობია. თუ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს ირაკლი ღარიბაშვილს 2 კვირის ვადაში მოუწევს ახალი უწყების ხელმძღვანელის სერჩევა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სიითი უმრავლესობით, 6 წლის ვადით უნდა დაამტკიცოს.სამსახურის ხელმძღვანელი 35 წელს ზემოთ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, არაპარტიული ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის სულ ცოტა 2-წლიანი გამოცდილება ექნება.

 

 

კომენტარები