კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, - ამის შესახებ შპს მეტალექსისა და Steinlord Enterprises LLP-ის წარმომადგენელმა განაცხადა.

კომპანიების ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ დავით კეზერაშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, თამაზ ნიჟარაძე იძულებული გახდა მისი კუთვნილი 52.5 % წილი შპს მეტალექსში უსასყიდლოდ დაეთმო დავით კეზერაშვილის კონტროლირებადი კომპანია Steinlord Enterprises LLP-ისათვის, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების აღნიშნული ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც Steinlord Enterprises LLP, ისე შპს მეტალექსი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირსა და ურთიერთობას დავით კეზერაშვილთან. კომპანია Steinlord Enterprises LLP არასოდეს ყოფილა კონტროლირებადი დავით კეზერაშვილის მიერ. კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი ქართველიშვილს არასოდეს არავითარი ნაცნობობა ან შემხებლობა დავით კეზერაშვილთან არ ჰქონია და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საწინააღმდეგო ფაქტი. თამაზ ნიჟარაძის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილავთ როგორც ცრუ დასმენას, რის თაობაზეც, უახლოეს დროში მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, 2011 წლის 7 თებერვალს, თამაზ ნიჟარაძესა და Steinlord Enterprises LLP-ს შორის დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც ნიჟარაძემ Steinlord Enterprises LLP-ზე გაასხვისა შპს მეტალექსში მისი კუთვნილი წილის 52,5%. ხელშეკრულების მიხედვით, გასხვისებული წილის ღირებულება განისაზღვრა 1050 ლარით, რაც წარმოადგენდა წილის ნომინალურ ღირებულებას (ვინაიდან შპს მეტალექსის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2000 ლარს), ამავე დროს, Steinlord Enterprises LLP-მ უფლება მისცა თ. ნიჟარაძეს, რათა მიეღო შპს მეტალექსში 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით დაფიქსირებული წმინდა მოგების 52.5%.

ადვოკატის თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის, წმინდა მოგების მიღების შესაძლებლობა რეალურად არ არსებობდა, რაც დასტურდება შპს მეტალექსის პარტნიორთა კრების 2011 წლის 31 იანვრის ოქმით. წილის გასხვისების შემდეგ, შპს მეტალექსის 2011 წლის 28 აპრილის პარტნიორთა კრებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწარმოს მოგების განაწილების შესახებ. კრებას, სხვა პარტნიორებთან ერთად ესწრებოდა კომპანიის 52.5 % წილის მფლობელი Steinlord Enterprises LLP-ის წარმომადგენელი.

„კრების ოქმში აღინიშნა, რომ შპს მეტალექსის მოგებამ 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეადგინა 3 210 467 ლარი. ოქმის დანართში კომპანიის 52.5% წილის მესაკუთრედ მითითებულია Steinlord Enterprises LLP, რომლის მიმართაც ხელზე გასაცემმა თანხამ შეადგინა 1601220,42 ლარი. იმავე ოქმში აღნიშნულია, რომ აღნიშნული თანხა გადაეცემოდა თამაზ ნიჟარაძეს. ცხადია, რომ Steinlord Enterprises LLP-ის წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ნიჟარაძეზე ზემოთ მითითებული 1601220,42 ლარი არ გაიცემოდა. 2011 წლის 29 აპრილს, თ. ნიჟარაძისათვის გადარიცხული იქნა 300 000 ლარი; მასვე გადაეცა 1301220,42 ლარი, რომელიც ნიჟარაძის მიერ გატანილი იქნა შპს მეტალექსის სალაროდან", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტები მთლიანად ცხადყოფენ, რომ არავითარი იძულება ნიჟარაძის მიმართ, შპს მეტალექსში მისი კუთვნილი წილის გასხვისების დროს არ განხორციელებულა და აღნიშნული წილის გასხვისების სანაცვლოდ ნიჟარაძემ მიიღო არა 1050 ლარი, არამედ 1050 ლარი + 1 601 220, 42 ლარი.

ადვოკატის თქმით, აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 10 ივნისს, შპს მეტალექსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ლომაძემ თამაზ ნიჟარაძეს 50 ლარად მიჰყიდა 2.5% წილი შპს მეტალექსში, რაც აღნიშნულ კომპანიაში წილის ნასყიდობის ღირებულება, ფორმალურად განისაზღვრებოდა წილის ნომინალურ ფასად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე თ. ნიჟარაძის მოთხოვნის ის ნაწილი, სადაც ის მიუთითებდა, რომ 2011 წლის 07 თებერვალს Steinlord Enterprises LLP-ისა და თ. ნიჟარაძეს შორის დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა იძულებით დადებულ გარიგებას; შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ხელშეკრულების იძულებით დადებასთან დაკავშირებით არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამავე დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს მეტალექსში თ. ნიჟარაძის კუთვნილი წილი გაიყიდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.

ბარათაშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, როგორც Steinlord Enterprises LLP-ისა და შპს მეტალექსის, ისე თამაზ ნიჟარაძის მიერ.

"ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარის პროკურატურის შესაბამის სამსახურებს, თავი შეიკავონ Steinlord Enterprises LLP-ისა და შპს მეტალექსის მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, წარმოადგენს ზემოქმედებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართ, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიების საქმიან რეპუტაციასა და ბიზნესსაქმიანობას", - განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები