სტიქია თბილისში

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს

facebook.com

თბილისის მერიის შენობასთან საპატრულო პოლიციამ ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი დააკავა. ხარატიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც თვითმმართველობის ერთეულის იერსახის შეცვლას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

სამოქალაქო მოძრაობა ალტერნატიული მერიის საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიასთან დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრეს, სადაც ნარმანიას ფოტოა გამოსახული. სწორედ პლაკატების გაკვრის დროს დააკავეს ზურაბ ხარატიშვილი. ცესკოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დაგეგმილი აქციის შესახებ დილით განცხადებაც გაავრცელა. 

"ოთხშაბათს, 1 ივლისს, 16.00 ქ.თბილისის მერიასთან (შარტავას ქ. 7) სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი ვაპირებთ აქციის ჩატარებას, სადაც მოვუწოდებთ დავით ნარმანიას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებზე და დატოვოს თბილისის მერის დაკავებული თანამდებობა, იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგებით დასრულდება გამოძიება აღნიშნულზე.

სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებულია პ/გ „სამოქალაო ალიანსი თავისუფლებისათვის“, პ/გ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, აიპ „ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები“, აიპ „ინტერპარტიული განვითარების რეგიონალური ცენტრი“, აიპ „თავისუფალი ქალაქი“, - აცხადებდა ხარატიშვილი.

 

კომენტარები