სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულება: თვითდაზიანების გამო, სამი მსჯავრდებული კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სამი მსჯავრდებული, თვითდაზიანების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამინისტროს განმარტებით, მსჯავრდებულებმა თვითდაზიანება მას შემდეგ მიიყენეს, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე.

"2015 წლის 25 ივნისს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან თვითდაზიანების გამო სამი მსჯავრდებული გ. ბ. გ. გ. და ბ. ო. კლინიკაში გადაიყვანეს. ორი მათგანი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე დაუბრუნდა. მესამე მსჯავრდებული ჯერჯერობით კლინიკაში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ის დაუბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილს. სამივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. 

ოპერატიული ინფორმაციით, მოცემული მსჯავრდებულები კრიმინალური სუბკულტურისკენ არიან მიდრეკილები და თვითდაზიანება მიიყენეს მას შემდეგ, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე.

მსჯავრდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამ გზით ცდილობენ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას. სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საკითხი სასჯელღასრულების ადმინისტრაციის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები