ბიუჯეტის კორექტირება

ხადური: კორექტირებულ ბიუჯეტზე რომან გოცირიძის განცხადებები უპასუხისმგებლოა

ტაბულა

რომან გოცირიძე ისეთივე უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს მართავდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ხადურის თქმით, გოცირიძის განცხადებები უპასუხისმგებლოა და ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.

"ბატონი რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ამას ვამბობ ძალიან გულწრფელად, ის აკეთებს ისეთივე განცხადებებს, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს. მისი განცხადებები, რომელიც დღეს იყო, არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებიდან, მას შეუძლია უბრალოდ გადაამოწმოს და ნახოს, რომ აღნიშნული ლიცენზიებიდან ფული უკვე შემოდის საქართველოს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, დღევანდელ კურსზეა დათვლილი საქართველოს ბიუჯეტი. ერთი რა მინდა ასევე ვთქვა, ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებსა და უწყებებში და, ამავე დროს, ნამდვილად იმის გამო, რომ სტიქია მოხდა საქართველოში, ჩვენ გვიწვეს თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებებზე. ძალიან მაინტერესებს, გოცირიძე სხვანაირად თუ მოიქცეოდა, როგორ იქცეოდა ის, როცა ვიცეპრემიერი ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც, გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა, გინდა ერთ დროს, გინდა მეორე დროს", - განაცხადა ხადურმა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა შემცირდეს. მისი განცხადებით, თუ ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით შეიკვეცება, ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და შესაძლოა, ლარის შემდგომი გაუფასურება მოჰყვეს.

გოცირიძის თქმით, ამ მომენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მთავრობის ხაზინის ანგარიშზე გაზრდილია 230 მილიონი ლარით, ანუ ბიუჯეტში მეტი ფულია მობილიზებული, ვიდრე დახარჯული.

"ეს ხელს უწყობს ლარის მყიფე სტაბილურობას, თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც - ნაშთების ზრდა ხდება არა მიზანმიმართულად, ლარის გაუფასურების საწინააღმდეგოდ, არამედ მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი, როდესაც მხარჯველი ერთეულები დროულად თანხებს ვერ ითვისებენ და ძირითადი დაწოლა მოდის წლის ბოლო ორ თვეზე, რაც ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი ხდება", - განაცხადა გოცირიძემ.

 

კომენტარები