საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან შვიდის ექსპორტი შემცირებულია

დავით მძინარაშვილი / REUTERS

წინა წელთან შედარებით საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან სამის: თხილის, მედიკამენტებისა და ოქროს ექსპორტია გაზრდილი. დანარჩენი შვიდი ძირითადი საქონლის ექსპორტი კი ჯამში $304 მილიონით არის შემცირებული.

ამ შვიდი საქონლის სია ასე გამოიყურება: 

1) ავტომობილები $150-მილიონიანი კლება

2) ფეროშენადნობები $40-მილიონიანი კლება

3) ღვინოები $38-მილიონიანი კლება

4) აზოტოვანი სასუქები $21-მილიონიანი კლება

5) მინერალური წყლები $21-მილიონიანი კლება

6) უალკოჰოლო სასმელები $16-მილიონიანი კლება

7) სპილენძის მადნები $11-მილიონიანი კლება

სხვა დასახელების საქონლის მთლიანი ექსპორტი კი $60 მილიონით არის შემცირებული. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტმა სულ $884 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლებია. 

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან ექვსში: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთში, ბულგარეთსა და აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა შემცირებულია. რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. აზერბაიჯანში კი ექსპორტის შემცირება აზერბაიჯანული მხრიდან ახალი რეგულაციების დაწესებამ გამოიწვია. ექსპორტის 38% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, ავტომობილების ექსპორტის $150-მილიონიანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნები წარმოადგენს.

ექსპორტის 25%-ით შემცირების მიუხედავად, ზოგიერთი სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაიზარდა. განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 60%-ით, წელს თხილისა და კაკლის ექსპორტი გაიზარდა. 41%-ით გაზრდილია საქართველოში დამზადებული ფარმაცევტული საქონლის ექსპორტი, ასევე 45%-ით გაზრდილია ოქროს ექსპორტი.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება, რასაც ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითი ეფექტი ექნება. ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაა.

 

კომენტარები