აბაშიძე-კარასინი

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე ისაუბრონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბროს. კარასინის თქმით, აბაშიძესთან „აკრძალული თემები" არ არსებობს იმ საკითხებში, რაც ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება.

„ჩვენ არ გვაქვს აკრძალული თემები იქ, სადაც საქმე ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ამიტომ, ალბათ განხილული იქნება ესეც. თუმცა ამ საკითხში (რკინიგზა აფხაზეთის გავლით) დაინტერესებულია მესამე მხარეც, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ძალიან დელიკატურები. ყველა საკითხს, რომელიც ასე თუ ისე ეხება აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს, ჩვენ განვიხილავთ ივლისის პირველ რიცხვებში ჟენევაში", - ამბობს კარასინი.

ამასთან, კარასინმა განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრისას მოლაპარაკებებს ორივე მხრიდან ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„ჩვენ გადავწყვიტეთ შეხვედრა გადავდოთ ივლისამდე, ალბათ ის შედგება ივლისის შუა რიცხვებში და დავთქვით, რომ ჩვენი საუბრების მონაწილეებს შორის ჩავრთოთ ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენი მხრიდან იქნებიან ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რადგან ბევრი სატრანსპორტო საკითხი დაგროვდა, რაც ეხება ავიაშეტყობინებებს, მათ შორის - მიწისზედა შეტყობინებებს", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, ქართული მხრიდან შეხვედრაზე იქნებიან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

კომენტარები