ეპიდემიოლოგი მაია ბუცაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო ქალაქში ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები მაღალია და ეს მოსახლეობამ და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მომუშავე პირებმაც უნდა გაითვალისწინონ. ამის შესახებ მაია ბუცაშვილმა ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში ისაუბრა.
"წყალდიდობა არის ფაქტორი, მაგრამ წყალდიდობას მხოლოდ წყალთან ასოცირებული ეპიდემიის საფრთხეები არ მოსდევს. არსებობს სხვა რისკებიც... მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ინფექციაა ლეპტოსპიროზი, რომელის აფეთქებაც შეძლება დიდხანს შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან სპეციფიური სიმპტომები ნაკლებად აქვს. რაღაც გრიპის მაგვარი გამოვლინებებით შეიძლება ხასიათდებოდეს და ამიტომ ზოგჯერ პირველადი შემთხვევები შეუმჩნეველი რჩება", - აღნიშნა ბუცაშვილმა. მისი თქმით, ამ ინფექციის გავრცელება დაგუბებული წყლის მასებში ადვილად ხდება.
ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ მეორე ასეთი რისკი არის დიარეული, ანუ ფაღარათით მიმდინარე ნაწლავური ინფექციების გავრცელება, განსაკუთრებით წყალდიდობების დროს კი, დიზინტერიის, ანუ ე. წ. შიგეროზის გავრცელების რისკი არსებობს.
ასევე სახიფათოა, მისი თქმით, კანის დაზიანებით განვითარებული ინფექციები.
რაც შეეხება წყალს, ბუცაშვილის თქმით, მის ხარისხზე პასუხისმგებლობა აკისრია წყალმომარაგების კომპანიას, რომელმაც ის მუდმივად უნდა აკონტროლოს. თუმცა, მისი აზრით, შექმნილ სიტუაციაში „შეუძლებელია, სადმე მილი არ დაზიანდეს, სადმე არ მოხდეს შერევა სასმელ წყალთან, როდესაც ამხელა რაღაც მოხდა ქალაქში. ამიტომ ცალსახად ალბათ ცოტა რთულია იმის მტკიცება, რომ წყალი ახლა სრულად უვნებელია. ალბათ, მინიმალური სიფრთხილის ზომები მოსახლეობის მხრიდან ზედმეტი არ იქნება".
ეპიდემიოლოგის აზრით, ასევე აჯობებს, მიმდინარე სამუშაოები „მეტად ორგანიზებული იყოს და მოხალისეების ჩართულობა ნაკლები იყოს".
„ბევრად კარგი იქნებოდა, რომ ამას შესაბამისად ორგანიზებული და აღჭურვილი ჯგუფები აკეთებდნენ. და არა ასე, როდესაც მართლა გულანთებული და პატრიოტი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ეს საყურებლად ცოტა მძიმეა, რადგან თავისთავად მათი ეს თავდადებული შრომა ძალიან ბევრ რისკებს შეიცავს", - თქვა ბუცაშვილმა.
კითხვაზე, ტეტანუსის აცრის გარდა რა პრევენციულ ზომებს შეიძლება მიმართონ მოქალაქეებმა რისკის თავიდან ასაცილებლად, ბუცაშვილმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, რაიმე უნივერსალური გამოკვლევა, რომელიც დაფარავს ყველა შესაძლო რისკებს, არ არსებობს".
„ძნელი წარმოსადგენია, რაზე უნდა გამოიკვლიოს ეს ხალხი ასე მასიურად. უბრალოდ, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება გარკვეული რისკი ჰქონდეთ ჯანმრთელობის და სხვადასხვა სიმპტომების შემთხვევაში უბრალოდ სწრაფად მიმართონ ექიმს, დარეკონ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მაგალითად, ტემპერატურის აწევისას არ ეგონოთ, რომ ეს მაინცდამაინც ჩვეულებრივი გაციებაა და ა. შ. იმიტომ, რომ ამ დროს შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადება", - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
მისი თქმით, ინფექციების რისკის შესამცირებლად, ქალაქის გაწმენდა დაგუბებული მასებისგან რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.





