სტიქია თბილისში

პრემიერი მოხალისეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი
მეორე არხი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოხალისეებს ინსტრუქციაში მითითებული უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"მინდა, მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს - გთხოვთ, დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და როგორც არის დაწერილი ინსტრუქციებში, იმოქმედოთ შესაბამისად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ცხელ ხაზს - 15 05", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომაზე. 

ცნობისთვის, მოხალისეთა გაერთიანებამ ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპიდემიის გავრცელებისა და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის საფრთხის გამო, სამუშაოებს შეწყვეტდნენ. თუმცა Facebook-ჯგუფის გაუქმების გამო, მოხალისეთა ნაწილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და რამდენიმე ასეული ადამიანი გუშინ კვლავ სტიქიის ზონებში იმყოფებოდნენ. ისინი ტაბულასთან საუბარში სპეციალური ნიღბების და ხელთათმანების, ასევე, სასმელი წყლის დეფიციტზე საუბრობდნენ.

გუშინვე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მოხალისეებს სპეციალური ნიღბების, თათმანების, გრძელი შარვლისა და დახურული ფეხსაცმლის გარეშე, ტერიტორიებზე არ დაუშვებენ.

 

კომენტარები