სტიქია თბილისში

ეროვნული ბანკი დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება

.nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება. ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ქადაგიძის თქმით ეროვნული ბანკის თანამშრომლები თითოეულ დაზარალებულ ოჯახში მივლენ და აღწერენ მათ მდგომარეობას. ქადაგიძის თქმით დაზარალებულ მოსახლეობას სესხები გადაუვადდებათ, რიგ შემთხვევებში კი დაზარალებულებს გაცილებით უფრო მასშტაბურად დაეხმარებიან. 

"თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას."- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კომერციულ ბანკებთან მოსახლეობის დახმარების მიზნით ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული შუამავლობა არ დასჭირდება. 

დღესვე 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკების ასოციაციამაც გამოთქვა ინიციატივა. საქართველოს საბანკო ასოციაცია მზადაა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და შეიძლება შეექმნათ პრობლემები საბანკო ვალდებულებების დროული მომსახურების თვალსაზრისით, გაუწიოს ქმედითი საკონსულტაციო დახმარება და შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების გადავადების თაობაზე.

კომენტარები