ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ექსპერტებს ანტიკრიზისული პროგრამა წარუდგინა

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკური კვლევის ცენტრებსა და ეკონომიკის ექსპერტებს ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. გეგმა მიზნად საგადასახადო სისტემის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას, ქვეყანაში ბიუროკრატიისა და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებას და ამავდროულად გაჭირვებულთა და სოფლად მაცხოვრებელთა მიზნობრივი დახმარების ზრდას ითვალისწინებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმით, საქართველოს მთავრობა უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულად უფრო მცირე და ეფექტურ სისტემად, რომელიც ქვეყანაში სოციალურ უზრუნველყოფას დღევანდელთან შედარებით უფრო მიზნობრივსა და ეკონომიურს გახდის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართული ოცნების მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.

"36 მილიარდი ლარის ნაცვლად, რაც სრულიად რეალისტური იყო 7%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დღეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 32 მლრდ ლარია. ოცნება 4 მლრდ ლარი დაგვიჯდა. 2015 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული დოკუმენტის - 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის - საფუძველზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა დეტალური, სიღრმისეული წინადადებების პაკეტი ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის, რომლის განხილვასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპერტებთან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და სხვა დაინეტერესებულ წრეებთან იწყებს" - აცხადებს ენმ და აღნიშნავს, რომ პროგრამის მთავარი პრინციპებია - "დავწიოთ გადასახადები! დავასაქმოთ ხალხი!", "ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები რეგულაციები!", "მეტი მიზნობრივი და პირდაპირი დახმარება ხალხს", "1.4 მილიარდით მეტი თანხა წელიწადში ხალხს განსაკარგავად - 1.4 მილიარდით ნაკლები ბიუროკრატიას".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამის თანახმადვე, გაუქმდება მოგების გადასახადი და მას გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადი ჩაანაცვლებს; ასევე, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება.

"დღეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავების საგანი ძირითადად სწორედ მოგების გადასახადის დათვლაა. მისი გაუქმებით ბიზნესს უბრალოდ ფინანსური შეღავათი კი არ ეძლევა, არამედ ეხსნება საგადასახადო ორგანოებთან დღეს არსებული პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო სახელმწიფოს აღარ სჭირდება უაზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის შენახვა. ასეულ ათასობით ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს 1.4 მლრდ ლარი დარჩება განსაკარგავად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად" - წერია ენმ-ის ანტიკრიზისულ პროგრამაში და აღნიშნულია, რომ საგადასახადო ადმინისტრირების მასშტაბური რეფორმა ბიზნესგარემოს პროგნოზირებადს, ხოლო ბიზნესმენს დაცულს გახდის.

"საგადასახადო დავების დეკრიმინალიზაცია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული საგადასახადო ამნისტია, პრეცედენტების ბიზნესმენთა სასარგებლოდ გამოყენება, ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის აღდგენა, წინასწარი გადაწყვეტილების (advance ruling) პრაქტიკის ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში დანერგვა, დერეგულაცია ამ მასშატბური რეფორმის ცალკეული კომპონენტებია. გაჭირვებულებისა და მდიდრების ერთნაირად დახმარების ნაცვლად, სახელმწიფო შეწყვეტს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები სარგებელს გადასახადების შემცირების ხარჯზე მიიღებენ. სახელმწიფო ხარჯები შემცირდება ბიუროკრატიის რაოდენობისა და მასზე დანახარჯების შეკვეცის შედეგად, ხოლო ბიუჯეტი ისე დაიგეგმება, რომ ხალხთან ფული პირდაპირ, მიზნობრივად მივიდეს და მას გზაზე მადაზე მოსული ჩინოვნიკები არ გადაეღობონ. სახელმწიფო ხარჯების მინიმუმ 1.3 მილიარდი ლარით შემცირება რეალისტური და აუცილებელია, რადგან სახელმწიფოს ჭარბი ზომა საზიანოა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისა და ეკონომიკური თავისუფლებისათვის. სოფლის მეურნეობის პროგრამები ისე აეწყობა, რომ სოფლის 500 000 გაჭირვებული მცხოვრებს სახელმწიფო პირდაპირ, ბიუროკრატიის გვერდის ავლით, დაეხმარება. სასკოლო ასაკის ბავშვის განათლებაზე წელიწადში მშობელს 1200 ლარი გამოეყოფა, ხოლო მასწავლებლების საშუალო ხელფასის 200%-ით გაიზრდება. გაზრდილი ფინანსური დახმარება (პენსია, სოც.დახმარება, განათლება, ჯანდაცვა) 1 000 000 ადამიანს მდგომარეობას გააუმჯობესებს. კერძოდ, მიზნობრივი დახმარების ხარჯზე, 300 000 ხელმოკლე პენსიონერისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ფინანსური მხარდაჭერა 50%-დან 100%-დე გაიზრდება; 100 000-ზე მეტი გაჭირვებული ოჯახის ჯამური ფინანსური დახმარების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 10 000 ლარს მიაღწევს; დამატებით 100 000 ხელმოკლე ოჯახი წელიწადში საშუალოდ 4 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებას მიიღებს", - წერია ენმ-ის პროგრამაში.

კომენტარები