ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ენმ: სახელმწიფო ხარჯების მინიმუმ 1.3 მლრდ ლარით შემცირება რეალისტურია

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ხარჯების მინიმუმ 1.3 მილიარდი ლარით შემცირებას აუცილებელად და რეალისტურად მიიჩნევს. ამის შესახებ პარტიის ანტიკრიზისულ პროგრამაში წერია, რომელიც ენმ-მ დღეს ექსპერტებს წარუდგინა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებითვე, გაჭირვებულებისა და მდიდრების ერთნაირად დახმარების ნაცვლად, სახელმწიფო შეწყვეტს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები კი, სარგებელს გადასახადების შემცირების ხარჯზე მიიღებენ.

"ხარჯების შემცირება შეეხება თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს, რომელსაც ბიუროკრატია მოიხმარს - დღევანდელი თანხა 1,1 მლრდ ლარი. გაუქმდება სოფლის მეურნეობის უსარგებლო პროგრამები და მათ ნაცვლად სოფლის 500 000 გაჭირვებული მცხოვრები პირდაპირი ფულად დახმარებას მიიღებს. შემცირდება ბიუროკრატიის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები (პრემიები, დანამატები). საბიუჯეტო ხარჯების შემცირება პერმანენტული და შეუქცევადი ხასიათის უნდა იყოს (და არა სპონტანური, „ქამრების შემოჭერის“ კამპანიური ფორმის). 2017-2018 წლებიდან საბიუჯეტო ხარჯების ნომინალური ზრდა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ინფლაციის მაჩვენებელს" - წერია ენმ-ის ანტიკრიზისულ პროგრამაში და აღნიშნულია, რომ თავისუფლების აქტში შესატანია ცვლილება, რომელიც სახელმწიფოს ზომას შეზღუდავს მშპ-სთან 25%-მდე, ხოლო 2021 წლიდან კი - 20%-მდე.

კომენტარები