ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ენმ: სრულ საგადასახადო ამნისტიას გამოვაცხადებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სრულ საგადასახადო ამნისტიას გამოაცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია ენმ-ის ანტიკრიზისულ პროგრამაში, რომელიც პარტიამ დღეს ექსპერტებს წარუდგინა. ნაციონალური მოძრაობა ამინისტიის შემდგომ, საგადასახადო მიზნებისთვის ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე დაყვანას აპირებს. ასევე, [5 მილიონ ლარამდე] გადასახადების თავის არიდების დეკრიმინალიზაციას და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დავას.

ანტიკრიზისულ პროგრამაში ასევე წერია, რომ საგადასახადო ინკასოსა და ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება, ხოლო ბიზნესს მიენიჭება უფლება, სახელმწიფოსთან ნებისმიერი დავა გადაიტანოს ერთ-ერთ აღიარებულ საერთაშორისო არბიტრაჟში (LCIA, AISCC, ICC, ICSID, HKIAC, ICA).

"საგადასახადო დავის ბიზნესის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, სახელმწიფო ზარალს მყისიერად და სრულად ანაზღაურებს. დაგვიანებისათვის სახელმწიფოს ისეთივე საურავი დაეკისრება, როგორიც გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოსათვის დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის. კანონმდებლობის დაცვით გადასახადების შემცირება არ ჩაითვლება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად" - წერია ანტიკრიზისულ პროგრამაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგადასახადო დავების საბჭოს სამართლებრივი სტატუსის ამაღლებას და მისი მუშაობის უფრო მკაფიო რეგლამენტაციასაც (silence means consent-ის შემოღება, განხილვის ვადების დადგენა) აპირებს. 

"საგადასახადო დავების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება გასაჯაროვდება კომერციული საიდუმლოების უფლების დაცვით. ასევე, მხარის მოთხოვნით და კომერციული საიდუმლოების უფლების დაცვით, სხდომების გასაჯაროვება ვებ-სტრიმინგის ტექნოლოგიის გამოყენებით სავალდებულო გახდება. ადმინისტრაციული ორგანოების გადასახადებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას სავალდებულო პრეცედენტის ძალა მიენიჭება. გადამხდელს უფლება ექნება, აირჩიოს მისთვის სასარგებლო პრეცედენტი და მოითხოვოს მისი გამოყენება. პრეცედენტი უქმდება ან იცვლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან პარლამენტის საკანონმდებლო ცვლილებით" - ნათქვამია ენმ-ის ანტიკრიზისულ პროგრამაში.

კომენტარები