გიორგი ოქროპირიძის საქმე

ნანუაშვილი: ოქროპირიძეს ახალი ბრალი კანონდარღვევით წარუდგინეს

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამების თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული ან გახდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის გიორგი ოქროპირიძის საქმეზე განცხადებაშია ნათქვამი.

ნანუაშვილი ცრუ დასმენის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისათვის ახალი ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"გიორგი ოქროპირიძის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21-ე მუხლის თანახმად, "არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი. ნანუაშვილის განცხადებით, მსგავსი პრეცედენტი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს არა მხოლოდ გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფო მიერ არაერთგზის ნაკისრი - წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას.

"მსგავსი პრეცედენტის შექმნა შეიცავს რისკს, დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომელიც გასაჩივრების სურვილს მოუსპობს პატიმარს, რათა მისი საჩივარი არ გახდეს საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცრუ დასმენის საფუძვლით ბრალის წასაყენებლად. საქართველოს პროკურატურამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ინსტიტუტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უმაღლეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს - საქართველოს სახალხო დამცველს და არ გამოიყენოს ამ ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები კონკრეტულ პირთა მიმართ უფლებების დარღვევის საფუძვლად", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, იმავე წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გიორგი ოქროპირიძე განმარტავდა, რომ №8 და №3 დაწესებულებების თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრნენ შიმშილობის გამოცხადების გამო. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება რამდენჯერმე შეწყდა, რომელიც საბოლოოდ განახლდა 2015 წლის 6 ივნისს სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით. 2015 წლის 7 ივნისს ზემოაღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელიც იმავე დღეს შეწყდა. ხოლო, 2015 წლის 7 ივნისს გამოძიება გაგრძელდა ცრუ დასმენის ფაქტზე, რაზეც, 8 ივნისს გიორგი ოქროპირიძეს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან 6 წლამდე.

კომენტარები