გიორგი ოქროპირიძის საქმე

სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს პირადი მოტივით ცრუ დასმენის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

საქართველოს პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი გუშინ წარუდგინა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით. 

პროკურატურის ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. 
მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი, როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს; მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 12 ივნისს ეწურება.

კომენტარები