გიორგი ოქროპირიძის საქმე

მსჯავრდებულ ოქროპირიძის დედა: ბინაში მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდეს

რუსთავი 2

ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის დედა ამბობს, რომ გვიან ღამით, უცნობმა პირებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით მისი სახლის დაწვა სცადეს.

ცირა გოდერძიშვილი ამ ფაქტს მისი შვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას უკავშირებს და ამბობს, რომ მათი დაშინება ხელისუფლებას სურს.

"2015 წლის ყოველი სასამართლოს შემდეგ ხდებოდა ეს დაწვები, დაშინებები, მუქარები. არ მეშინია, გადაეცით ვინც გაგზავნით, კრიმინალებო. მოლოტოვის კოქტეილი შემოაგდეს, კინაღამ მთელი სახლი დაიწვა. ცენტრალური გაზის მილი გადის, რომ არ გამოვსულიყავით... მეზობლის მანქანა დაზიანდა. არ მეშინია, სტრასბურგშია საქმე, კიდევ ვიჩივლებ და კიდევ დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ეს არის სახელმწიფოს კრიმინალური ქმედება. იმიტომ რომ მაშინებენ, სტრასბურგში არ ვიჩივლო", - ამბობს გოდერძიშვილი რუსთავი 2-თან.

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ 2015 წლის დეკემბერში ცნეს. ოქროპირიძე დანაშაულს არ აღიარებს.

1987 წელს დაბადებული ლაშა მახარაძე 2014 წლის სექტემბერში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლეს. შსს-მ მალევე დააკავა ერთი პირი, რომელმაც, უწყების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მკვლელობის ადგილზე ავტომანქანით მიიყვანა. დაახლოებით ერთ კვირაში კი საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს გიორგი ოქროპირიძე და სამართალდამცავმა უწყებამ საქმე გახსნილად გამოაცხადა. ოქროპირიძე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები